კერძო სკოლები

განათლების მინისტრი: აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა

განათლების სამინისტრო კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავებას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე ჩხენკელმა თქვა, რომ "უაღრესად მნიშვნელოვანია", კერძო სკოლებში გატარდეს უსაფრთხოების ის ზომები, რა ზომებიც 2019 წლიდან საჯარო სკოლებს ეხება. მისი თქმით, პირველ რიგში, ეს გულისხმობს სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მაღალპროფესიულ მომზადებას და ფსიქოლოგიური სერვისების გაძლიერებას.

“ჩვენი მთავარი საზრუნავია ბავშვის კეთილდღეობა, იმის მიუხედავად, საჯარო სკოლაში სწავლობს იგი თუ კერძოში. ვფიქრობ, რომ ასევე საჭიროა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია კერძო სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა. ამ სტანდარტებმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და მზრუნველი გარემო მოსწავლისთვის. დააწესოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი კრიტერიუმები. საჭიროა, გაძლიერდეს უწყებათაშორისი თანამშრომლობა ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებთან, გაღრმავდეს არასამთავრობო ორგანიზაციების როლი. ამ მიმართულებით პრემიერმა დაგვავალა კონკრეტული ღონისძიებების გატარება“ - ამბობს მინისტრი და აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში წარადგენს "კონკრეტულ, დროში გაწერილ, ზუსტ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ინიციატივებს და ახალი სერვისების შექმნას".

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი.

"მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებებით პრობლემები ვერ მოგვარდება, აუცილებელია თავად სასკოლო პროცესის განვითარება. უნდა გაიზარდოს დამრიგებლის როლი თითოეული მოსწავლის საჭიროებების და შესაძლებლობების იდენტიფიცირების და შესაბამისი რეაგირების მიზნით, უნდა გაიზარდოს სკოლის ყოველდღიურობაში პრობლემათა იდენტიფიცირების და გადაჭრის პროცესებში თავად მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა, ამ მიზნით საჭიროა ელექტრონული რესურსების განვითარება მშობელთა, მოსწავლეთა და სასკოლო საზოგადოების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა" - ამბობს განათლების მინისტრი.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის, საიას და ახლა უკვე სახელმწიფო ინსპექტორის ინფორმაციითაც, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე გვიან ღამემდე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის აღიარა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება". ფაქტი, რომ მოზარდი 20 წუთის განმავლობაში მშობლის გარეშე იმყოფებოდა პოლიციაში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 19 დეკემბერს დაადასტურა.

ადვოკატ რეზი აჭარაძის თქმით, დედის გარდა, ჩვენებაში მწვანე სკოლის უსაფრთხოების მენეჯერიც ადასტურებს, რომ პოლიციელები ლუკა სირაძეს ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ეს იყო "ძველი სტილის დაკითხვა" და ლუკა სირაძეს სხვა არასრულწლოვანიც დაუპირისპირეს. ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურა პროკურატურამ და სახელმწიფო ინსპექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიჭის გარდაცვალებამდე ამტკიცებდა, რომ მოზარდზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც ლუკა სირაძე გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ჩვენების იძულებით მიღების ბრალდებით დააკავეს.

ბიჭის გარდაცვალების შემდეგ, ქართული ოცნების წევრების ნაწილმა სკოლის როლზე დაიწყო საუბარი. სახელმწიფო ინსპექტორმა კი, 19 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწვანე სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციის მისვლამდე მოსწავლეები "ჯგუფურად გამოკითხა", რის შემდეგაც, გამოიძახა პოლიცია, "რადგან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა შეტყობინების საჭიროებას". თოლორაიასვე თქმით, "სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ვიდეოჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები". ამის გამო, სახელმწიფო ინსპექტორი მწვანე სკოლაში შევიდა "არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების" შესწავლის საბაბით. იქამდე კი, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ კერძო სკოლებსაც უნდა შეეხოთ "თუნდაც მკაცრი" რეგულაციები.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომლის იურისტიც 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატია, აცხადებს, რომ "სიმძიმის ცენტრის გადატანა სკოლაზე არის სირცხვილი". საიას შეფასებით, სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა უნდა მიიღოს შს მინისტრმა და გადადგეს.

კომენტარები