დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი

ტრამპი: მსურს სენატში სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ ჩატარდეს

დონალდ ტრამპი
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოითხოვა სენატმა მის იმპიჩმენტზე სასამართლო განხილვა დაუყოვნებლივ ჩაატაროს.

"მას შემდეგ, რაც დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში სამართლიანი პროცესი არ მარგუნეს, არავითარი მოწმეები, არავითარი არაფერი, ახლა სურთ, რომ სენატს უკარნახონ როგორ წარმართონ სასამართლო პროცესი. რეალურად, მათ 0 მტკიცებულება აქვთ, არც კი გამოცხადდებიან. მათ გასვლა უნდათ. მე მსურს სასამართლო პროცესი ჩატარდეს დაუყოვნებლივ!" დაწერა მან ტვიტერზე.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი 18 დეკემბერს გამოუცხადა, თუმცა ამ დრომდე საქმის სენატისათვის გადაცემის შესაბამისი პროცედურები არ დაუწყიათ. დემოკრატიულ პარტიაში ამბობენ, რომ სენატი, სადაც უმრავლესობას კვლავ რესპუბლიკელები ინარჩუნებენ, სამართლიან განხილვას არ ჩაატარებს. რესპუბლიკელმა სენატორებმა და უმრავლესობის ლიდერმა უკვე თქვეს, რომ განხილვაზე მოწმეებს არ მოუსმენენ.

"მიზეზი, რის გამოც დემოკრატებს იმპიჩმენტის საქმის სენატისათვის გადაცემა არ სურთ ისაა, რომ არ უნდა კორუმპირებულმა პოლიტიკოსმა ადამ შიფმა ფიცის ქვეშ მისცეს ჩვენება, არც განგაშის ამტეხი სურთ, არც მეორე განგაშის ამტეხი, რომელიც არ ჩანს, არც ინფორმანტების, ბაიდენების ჩვენება სურთ!" წერს ტრამპი.

ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისათვის ხელის შეშლაში დებენ ბრალს. პირველი ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტს მხარი 230-მა კანონმდებელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 197. მეორე ბრალდების საფუძველზე იმპიჩმენტის მომხრე იყო 229 კონგრესმენი, წინააღმდეგი 198.

იმპიჩმენტის მხარდამჭერებს შორის იყო თითქმის ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ხოლო რესპუბლიკელემბა მას მხარი არ დაუჭირეს.

ახლა წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პუნქტები სენატს უნდა გადასცეს, სადაც უნდა გაიმართოს სასამართლო პროცესი იმის თაობაზე, დატოვებს თუ არა ტრამპი თანამდებობას. ამისათვის სენატორების 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ იმპიჩმენტის პუნქტებს სენატს არ გადასცემს მანამ, სანამ სენატში პროცესის წესები დემოკრატებისათვის მისაღები არ იქნება.

პროცესის წარმართვის წესები სენატის უმრავლესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა მიტჩ მაკკონელმა უნდა დაადგინოს. დემოკრატებს სურთ მან მოწმეები დაუშვას, რაზეც მაკკონელი უარს ამბობს. მას იმპიჩმენტის პროცესი უსამართლოდ და დაჩქარებულად მიაჩნია.

ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტი გახდა, რომლის იმპიჩმენტსაც წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა. მანამდე კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა ენდრიუ ჯონსონს 1868 წელს და ბილ კლინტონს 1998 წელს, თუმცა ორივე მათგანი სენატმა გაამართლა. რიჩარდ ნიქსონი 1974 წელს კონგრესის მიერ მისი იმპიჩმენტის კენჭისყრამდე გადადგა.

ჯონსონისა და კლინტონისაგან განსხვავებით ტრამპს იმპიჩმენტი პრეზიდენტობის პირველი ვადისას გამოუცხადეს.

საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში კონგრესის წინაშე წარსდგნენ მოწმეები და ექსპერტები.

კონგრესში მოუსმინეს ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლენდს, უკრაინაში სპეციალურ წარმომადგენელ კურტ ვოლკერს, უკრაინის ყოფილ ელჩს მარი ივანოვიჩს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილს, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდერ ვინდმენს, უკრაინაში აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენელს ბილ ტეილორს და სხვა მოწმეებს.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები