მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი

ბოკერია: თუ "ოცნებას" საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი აქვს, გერმანული მოდელი მივიღოთ

"თუ საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი აქვთ, კლასიკური გერმანული მოდელი მივიღოთ",-თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ოცნების" მიერ შეთავაზებული წინადადებაზე, პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ.

"ხომ თქვეს, რომ გერმანული მოდელი მოსწონთ, მაგრამ კონსტიტუციის პრობლემაა? იქ მაჟორიტარებიც შენარჩუნებულია. არაფერი დამაჯარებელი არ არის, მათ მიმართ სანდოობა ნოლია",-ამბობს გიგა ბოკერია. 

ბოკერიას თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადება რეალური ნაბიჯი არ არის და თამაშის წესს არ ცვლის.

"გრძელდება რღვევები ივანიშვილის გუნდის შიგნით. არა იმიტომ, რომ ეს წინადადება, რაც მოიტანეს, სერიოზულად განხილვადია, სერიოზულად განხილვადიც არ არის, თამაშის წესს არ ცვლის. 12-ით მეტი ადგილი სად იქნება, ეს თამაშის წესს არ ცვლის. აქ საკვანძო საკითხი პროპორციულობაა [...] ფაქტია, რომ ივანიშვილი და ხალხი, ვინც მას აქ მოვლენილი ჰყავს, ხვდება, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან. ამიტომ, რაღაც მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული. ნელ-ნელა ხვდებიან, როგორ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არანაირი რეალური ნაბიჯი არ არის",-თქვა გიგა ბოკერიამ.  

ქართული ოცნება ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულად აირჩიონ. ესაა იმ წინადადების მთავარი შინაარსი, რაც "ოცნებამ" დღეს ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე წარადგინა. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, დღეს, 20 დეკემბერს ერთმანეთს უკვე მეოთხედ შეხვდა. 

მოლაპარაკებების საგანი საარჩევნო სისტემა და ე.წ გერმანული მოდელია, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მართალია შერეული, მაგრამ მრავალმანდატიანი, უფრო სამართლიანი წესით ჩატარებას გულისხმობს.

ოპოზიციის შეთავაზება ქართული ოცნებისთვის მიუღებელი იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იუსტიციის მინისტრი ამბობდა, რომ მრავალმანდატიანი ოლქების პრინციპი "არ ვარგა ჩვენი ქვეყნისთვის" და საქართველოში, რომელიც ევროპული ქვეყანაა, ეს მოდელი მისაღები ვერ იქნება". 

თუმცა, იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციურია, საუბრობს არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის არის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციის ზეწოლის და საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო. 

პროტესტი კი, თავის მხრივ, მმართველი გუნდის მხრიდან პირობის შეუსრულებლობას მოჰყვა - 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები და რით განსხვავდება არსებულისგან, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები