მოწმეზე ზეწოლა

მოსამართლემ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პროცესი კლინიკაში გაიმართა, სადაც მარიანა ჩოლოიანი დაკავების მომენტიდან, მესამე დღეა, იმყოფება.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ყოფილ გამომძიებელს ბრალად 15 წლის ლუკა სირაძისგან ჩვენების იძულებით მიღება ედება. ოჯახის და საიას შემდეგ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმაც დაადასტურა, რომ მარიანა ჩოლოიანი მოზარდს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და "დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში", ძმისთვის გარკვეული პრობლემების შექმნით ემუქრებოდა.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. 

კომენტარები