მოზარდზე ზეწოლა

თოლორაია: გამომძიებელი მოზარდს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა და ემუქრებოდა

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის ლუკა სირაძეს დიდუბე-ჩუღურეთის პირველ განყოფილებაში ექვსსაათნახევრის განმავლობაში, გვიან ღამემდე კითხავდნენ. მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანმა მოზარდი მშობლის მეშვეობით გამოძიების დაწყების დღესვე დაიბარა. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით, ნივთის განზრახ დაზიანებისთვის მიმდინარეობდა. სწორედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მწვანე სკოლის ტერიტორიაზე "უცენზურო წარწერების" გაკეთების აღიარებას სთხოვდნენ მუქარით ლუკა სირაძეს.

"არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე. იმის გამო, რომ პოლიციაში არ არსებობს სპეციალური ოთახები არასრულწლოვნებისთვის, ამიტომ მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები. ჩვენების მიხედვით, გამომძიებელმა არასრულწლოვანს უთხრა, რომ არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას, რომელიც სწავლობს სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები. ასევე გამომძიებელმა 15 წლის ბიჭს დაუპირისპირა სხვა მოწმეები, მათ შორის იყო, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ისე სხვა არასრულწლოვნები.

იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმასჯულების კოდექსის შესაბამისად, იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც დღეს რეგულირდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ამის გამო, არასრულწლოვნებმა განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი.

შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 17 დეკემბერს, 15:00-ზე, გამოკითხვაზე გამოვიძახეთ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომლის დაკითხვის შემდეგ, მივიღეთ მისი დაკავების გადაწყვეტილება" - ამბობს თოლორაია.

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. 

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. შსს-მ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გამოკითხვის შემდეგ, კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა სცადა თვითმკვლელობა.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ბიჭზე "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა". შს მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მას შემდეგ, რაც მოზარდი გარდაიცვალა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ჩვენების იძულებით მიღებისთვის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, თუმცა, იმის გამო, რომ დაკავებისას ცუდად გახდა, მარიანა ჩოლოიანი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. 

კომენტარები