ერეკლე კუხიანიძე

"მათთვის მათი ტერიტორიაა, მტერსაც პატივს ვცემ" - კუხიანიძის თქმით, ცხინვალში გადასვლა სცადა

მთავარი

ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შემდეგ საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს, საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. კუხიანიძე ამბობს, რომ ის უკვე მეორე დღეა, ცხინვალში გადასვლას ცდილობს, რათა გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში "წვლილი შეიტანოს". კუხიანიძე ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმს "სხვა კანონები" აქვს, "მათთვის არის მათი ტერიტორია" და "მტერსაც პატივს სცემს". მან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს, რუსულ ენაზე მიმართა და ექიმის გათავისუფლება სთხოვა. 

"გუშინ ვცადე, მაგრამ სხვა მიმართულებით წავედი და რაღაც ვიბოდიალე და მავთულხლართებში გავიჭედე და დღეს ეს ამბავი უბრალოდ გახმაურდა და რაღაცა არ მინდა, ცირკს დაემსგავსოს.. ახლა გამოუვალი ისა მაქვს და გახმოვანდება ჩემი ეს სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის"- ამბობს კუხიანიძე. 

"მე არ მივიდოდი იქ იმისთვის, რომ შეურაცხვყო იმათი კანონები, ჩვენთვის არის საქართველოს ტერიტორია, მათთვის არის სხვა კანონები. მათთვის არის მათი ტერიტორია. მე მტერსაც პატივს ვცემ"- ამბობს კუხიანიძე და აღნიშნავს, რომ ულტიმატუმების ენას ჩიხამდე მიჰყავს სიტუაცია.  

ერეკლე კუხიანიძის პერფორმანსი საოკუპაციო ხაზთან დასრულებულია. ის თბილისში ბრუნდება. 

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ითხოვდნენ, რომ კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. გუშინ აქტივისტებმა მის კაბინეტში კარავი მიიტანეს და გაშალეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ ძალით გამოიყვანა საკრებულოდან, რამდენიმე ადამიანი დააკავეს კიდეც.

კომენტარები