ლუკა სირაძის საქმე

დავითური: კამერებზე ვერ ამოვიცანით, ვინ შემოიპარა სკოლაში. მთავარი იყო ბავშვების უსაფრთხოება

ტაბულა

"მწვანე სკოლის" დირექტორი, ბექა დავითური 10-11 დეკემბერს სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყვება.

რას ამბობს დირექტორი:

"დაგვხვდა აჭრელებული კედლები, ინვენტარი, მთელი სკოლის ფართობზე. რამდენიმე კამერას ჩავხედეთ, მივხვდით, რომ უცნობი პირი იყო. ვნახეთ, რომ უცნობი პირი ღამის ათის ნახევარზე გადმოხტა ეზოში, ასე მოხვდა სკოლის შენობაში და მან ქნა ეს ამბავი. მაგრამ იდენტიფიცირებადი არ იყო.

ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა, მოგვეხდინა ბავშვების ევაკუაცია. ასეთი სტანდარტი აქვს სკოლას - როცა უცნობი პირია სკოლაში, ეს შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს. ამ გადმოსახედიდან ლაპარაკი შეიძლება ცოტა უკონტექსტოდ ჟღერს. მაგრამ ჩვენი ვალდებულება იყო, დაგვერეკა 112-ში.

ამის შემდეგ მოვიდა საპატრულო პოლიცია. პოლიციამ დაიწყო კამერების შემოწმება. სკოლაში 100-ზე მეტი კამერაა, მათ შორის, ქუჩის კამერებიც. დაიწყო ძიება, შემდეგ გამოიძახეს სხვები. დაკითხეს კლასელები.

ვიცი, რომ შსს-ს გამომძიებელთან აქვს შეკითხვები. მე ველოდები, რომ საქმეს ნათელი მოეფინება და დადგინდება, რა ეტაპზე ვისი ბრალეულობა იყო".

დავითურმა კომენტარი განათლების სამინისტროში დასრულებული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სკოლის დირექტორმა თქვა, რომ სამინისტრო მას არსებული მდგომარეობის შესახებ გაესაუბრა.

"მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე 'უცენზურო" წარწერები გააკეთა.

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები