ლუკა სირაძის საქმე

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე - სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება

სახალხო დამცველის აპარატი

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას ხვდება. 

ლომჯარიას თქმით, მას სურს გაიგოს რა ვითარებაში მოხდა მოზარდის გამოკითხვა და რა ფორმით მოიპოვეს სამართალდამცველებმა 15 წლის მოზარდისგან ჩვენება.

"ის რაც გვესმის, რაზეც საუბრობენ გარდაცვლილი ბავშვის ინტერესების დამცველები თუ მოწმეები, თუ სხვა პირები მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოლიციის განყოფილებაში ბავშვისთვის და სხვა ბავშვებისთვის შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო არ იყო. ისინი ვერ გრძნობდნენ თავს დაცულად. მიუხედავად იმისა იქ განხორციელდა თუ არა პირდაპირი ზეწოლა თუ იძულება, ფაქტია რომ იქ არსებული გარემო ქმნიდა ბავშვისთვის ისეთ გარემოს, რაც უკვე შეიძლება ჩავთვალოთ ზეწოლად და არასრულწლოვანთა მათლმსაჯულების კოდექსის დარღვევად"- ამბობს ლომჯარია. 

ლომჯარია თქმით, ის სისტემურ პრობლემას ხედავს და ეს ერთი ტრაგიკული შემთხვევა უნდა იყოს იმის საფუძველი, რომ მომავალში რაღაცები გამოსწორდეს. 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

იმავე დღეს, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ თვითმკვლელობა მისმა ერთ-ერთმა თანატოლმაც სცადა. ინფორმაცია ლონდა თოლორაიამ დაადასტურა. თუმცა, დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.

15 წლის ლუკა სირაძემ თავისი ყოფილი სასწავლებლის, "მწვანე სკოლის" კედლებზე 'უცენზურო" წარწერები გააკეთა. 

საია-ს ინფორმაციით, მოზარდს გამომძიებელი "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რამე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, 17 დეკემბერს, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება ჩოლოიანს სსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას - ჩვენების მიცემის იძულებას ედავება.

კომენტარები