APPLE

"რეალობის შეცვლა! მორალის ბარიერის დანგრევა!" - Apple-ზე სატირული ვიდეო გავრცელდა

კადრი ვიდეოდან - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი.
YouTube

"რეალობის შეცვლა! მორალის ბარიერის დანგრევა! ფულისადმი თაყვანისცემა," - კომპანიაზე Apple YouTube-ში გვერდმა NewsFromUkraine სატირული ვიდეო "Apple-ი მიერ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღნიშვნის საპასუხოდ Apple-ის საწინააღმდეგო რეკლამა" გაავრცელა.

ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც Apple-მა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ცნო და ჩინეთის დიქტატორულ რეჟიმს მხარი დაუჭირა გვერდმა NewsFromUkraine "გადაწყვიტა, რომ დროა, Apple-ის "ნამდვილი" რეკლამა გამოექვეყნებინათ". ვიდეოში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის Apple-ის ნამდვილი რეკლამა და მისი მიზანი კომპანიის ბოლოდროინდელ ქმედებებზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

"ჩვენი ახალი ღირებულებები უკეთესია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ადამიანის უფლებების დარღვევა? სამხედრო აგრესია სხვა ქვეყნის წინააღმდეგ? ფეხებზე გვკიდია. ერთადერთი რაც გვადარდებს ფულია".

სატირულ ვიდეოში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ვიდეოს ფონზე დიქტატორებს მიმართავენ:

"თუ შენ დიქტატორი და მსოფლიო დამნაშავე ხარ და ტონობით ფული გაქვს, ჩვენ არასდროს გაგიცრუებთ იმედს! ჩვენ ყოველთვის დავხუჭავთ თვალებს შენ დანაშაულებებზე ჩვენ სახეიროდ. თუ შენ დაიწყე ომი და სხვა ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მოახდინე, ჩვენ აპლიკაციებში მას აღვნიშნავთ როგორც შენს საკუთარს". 

NewsFromUkraine-ის მიერ გამოქვეყნებულ სატირულ ვიდეოში ჰონგ-კონგის აქციებსაც გამოეხმაურნენ, როდესაც Apple-მა წაშალა აპლიკაცია რომელიც მომიტინგეებს რუკაზე პოლიციელების გადაადგილებას ამცნობდა, რის შედეგადაც ისინი ამ ადგილებს თავს არიდებდნენ.

"თუ პროტესტი შენ ავტორიტარულ რეჟიმს ხელს უშლის ჩვენ უბრალოდ წავშლით აპლიკაციებს, რომლებიც მომიტინგეებს ეხმარებიან. იმიტომ, რომ ჩვენ ვიზიარებთ თქვენ ღირებულებებს. ჩვენ ვიცით, რომ სიმდიდრე მეტად ღირებულია, ვიდრე თავისუფლება. Apple - აძლიერებს დიქტატურას," - ამბობენ კომპანიაზე გავრცელებულ სატირულ ვიდეოში.

სატირული ვიდეო სხვადასხვა ვიდეოების ნაწყვეტებიდან ააწყვეს. წყაროები მის აღწერაში წერია. ვიდეო ოთხ დღეში უკვე 150 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. მას აქტიურად ავრცელებენ Twitter-შიც.

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად ცნობს, თუმცა გასულ თვეს Apple რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუსეთიდან Apple-ის რუკაზე ყირიმი რუსეთის ნაწილია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ყირიმი არცერთი ქვეყნის ნაწილი არ არის. საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ კომპანიაში განაცხადეს, რომ სადავო საზღვრებს უფრო ღრმად განიხილავდნენ.

მანამდე, ოქტომბერში ჩინეთის გაფრთხილებისა და მუქარის შემდეგ მალევე Apple-მა ის აპლიკაცია წაშალა, რომელიც ჰონგ-კონგელებს პოლიციელების გადაადგილებასა და მათ მიერ ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე ინფორმაციას აწვდიდა. კომპანიაში განაცხადეს, რომ HKmap.live მათ წესებს არღვევდა.

კომენტარები