სირცხვილია: ყველას, ვისაც გული შეგტკივათ 15 წლის მოზარდზე, გელოდებით 19:00 სთ-ზე შსს-სთან

ტაბულა

15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მოძრაობა "სირცხვილია" 18 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (ე.წ შუშის შენობა) აქციას გამართავს. 

აქცია, სახელწოდებით "ამ სისტემის დედაც!" შსს-ს შენობასთან 19:00 საათზე დაიწყება. 

მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ნოდარ რუხაძის, თქმით, აქციაზე უნდა მივიდეს ყველა მოძრაობა და ყველა მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა 15 წლის მოზარდზე, რომელმაც დაკითხვის დროს პოლიციის სავარაუდო ზეწოლის გამო თავი მოიკლა. 

"სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გავაპროტესტოთ ერთად და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი დანაშაული და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ქვეყანას აღარ ჰყავდეს არცერთი ლუკა, არცერთი დემური და არცერთი სისტემის მსხვერპლი,"- ამბობს ნოდარ რუხაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია 17 დეკემბერს გვიან ღამითაც გაიმართა. დღეს კი მოძრაობამ "სირცხვილია" შსს-ს შენობასთან სიმბოლურად სკოლის მერხი და სკამი მიიტანა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სირაძემ ყოფილი სასწავლებლის "მწვანე სკოლის" კედლებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც". 

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რაიმე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

თუმცა, მოზარდის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება. 

კომენტარები