ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე: გმირობა მარტო არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა გადაარჩინო

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძემ ტვ პირველის ეთერში  საქართველოს ისტორიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის როლზე ისაუბრა. 

საქართველოს ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ, კუხიანიძე ამბობს, რომ იგი ენკავედემ ქართული გენის გასანადგურებლად გამოიყენა. კუხიანიძე აქვე ამბობს, რომ მხოლოდ გმირობა არ არის საკმარისი ქვეყნის გადასარჩენად.

"იცით რა მე ეხლა ვეხები ისეთ თემებს, რომელმაც შეიძლება ვიღაცების გააფთრება გამოიწვიოს. მე გეტყვით ერთ რაღაცას. ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავისი არსით იყო გმირი, რათქმაუნდა მან იბრძოლა და ამ ბრძოლას შეეწირა, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ნკვედემ გამოიყენა ქართული გენის გასანადგურებლად. ანუ მათ იცოდნენ ამ აჯანყების შესახებ. ანუ მარტო გმირობა არ არის საკმარისი, რომ ქვეყანა გადაარჩინო", — განაცხადა კუხიანიძემ.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((" - წერდა ის.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

დღეს პოლიტიკოსებმა, მოქალაქეებმა და აქტივისტებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. 

კომენტარები