ერეკლე კუხიანიძე

კუხიანიძე სტატუსის ფორმისთვის ბოდიშს იხდის, თუმცა პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა, ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ ბოდიშს იხდის იმ ფორმისთვის, როგორც მან ეს სტატუსი დაწერა, თუმცა რაც შეეხება სტატუსის შინაარსს და პროვოკაციის ნაწილს, ის კვლავ ხედავს შესაძლო პროვოკაციის ნიშნებს.

"როდესაც რაღაც ხდება ისეთი, რაც ცნობილია, როგორი რეზულტატი შეიძლება მოჰყოლოდა და მთავრობა ვერ ეხმარება და ამის შემდეგ ხდება მთავრობის დადანაშაულება, ეს შეიძლება იყოს პროვოკაცია," - ამბობს კუხიანიძე ტვ პირველის ეთერში. 

კუხიანიძე ასევე სხნის, რომ მისი გაღიზიანება და ემოციური ფონი გაფრინდაშვილის ოჯახის მხრიდან ხელისუფლების კრიტიკამ გამოიწვია. 

"მე დავწერე, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, არამარტო ჩვენი მთავრობა, მთელი მსოფლიოს საზოგადოება არის ჩართული, და ამ ფონზე, როცა ჩვენმა მთავრობამ მიიღო ისეთი შეფასება ოჯახის მხრიდან, რომ არ კეთდება საკმარისი და ეს მთავრობა იმის მაგივრად, რომ გმირს დაეხმაროს ტაშ-ფანდურს მართავს და ეზეიმება, ამან ჩემზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინა. თითქოს არაფერი არ არის, მაგრამ ჭიქაც ბოლოს ერთი წვეთით შეივსება და გადაივსება," - ამბობს საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი.

კუხიანიძე განმარტავს, რომ პროვოკაციულად მან არა გაფრინდაშვილის ქმედება, არამედ ხელისუფლების იმის გამო გაკრიტიკება ჩათვალა, რისი გაკეთებაც შეუძლებელი იყო. ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის გამოსახსნელად ყველაფერი გააკეთა. მისივე თქმით, "როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს და შენ მაინც იმას შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის ან პროვოკაცია ან რაღაცა." 

"მე დავწერე, რომ ის როცა გადავიდა, იცოდა რა საფრთხეც ემუქრებოდა, და როდესაც მოხდა შეტევა სახელმწიფოზე იმის გამო, რომ შეუძლებელი იყო ჯერჯერობით ესა [მისი გამოხსნა] ეს შეტევა ჩავთვალე მე პროვოკაციად და არა მისი ქმედება. მეორე დღეს როცა გავასწორე პოსტი, მე განსაკუთრებით გავუსვი ხაზი ამ მომენტს, რომ მე არანაირად არ მიხსენებია ბატონი ვაჟას ქმედება პროვოკაციად, თუმცაღა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ მაგ განსჯაში, რომ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ რა ხდება, როგორ ხდება, კითხვები არ უნდა დარჩეს," - ამბობს კუხიანიძე ტვ პირველის ეთერში. 

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

"ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც! :(((((((" - წერდა ის.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

დღეს პოლიტიკოსებმა, მოქალაქეებმა და აქტივისტებმა საკრებულოსთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ კუხიანიძემ თბილისის საკრებულო დატოვოს. 

კომენტარები