მოზარდზე ძალადობა

Uniсef Georgia: დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს და აღიაროს დანაშაული

წარწერა, რომელიც მოზარდმა მწვანე სკოლის შენობაზე გააკეთა

გაეროს ბავშვთა ფონდი განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დაიცვას ბავშვთა უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში. Unisef-ი აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა დაიცვას კანონთან კონტაქტში მყოფი თითოეული ბავშვის ღირსება და პატივი სცეს ბავშვის ასაკსა და გენდერთან დაკავშირებულ საჭიროებებს.

"გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, შექმნან ბავშვის ინტერესებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა. კონვენციის მიხედვით დაუშვებელია ბავშვის იძულება, ჩვენება მისცეს მოწმის, ან სხვა ნებისმიერი სტატუსით და აღიაროს დანაშაული. ასევე აკრძალულია ბავშვის წამება, ან სხვა სასტიკი, არაადამიანური,  ღირსების შემლახავი მოპყრობა და დასჯა.

საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ამკვიდრებს მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვზე მორგებულ მიდგომას და ავალდებულებს ყველა პროფესიონალს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ არასრულწლოვნის საქმეს, იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

პოლიცია მართლმსაჯულების სისტემასთან შეხების პირველი წერტილია, ამიტომ მნიშვნელოვანია, პოლიციის კადრები დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან, რომელთაც ექნებათ არასრულწლოვნებთან მუშაობის მოტივაცია, ცოდნა, შესაბამისი უნარები და საკითხის მიმართ მგრძნობელობა" - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი.

Unisef Georgia-ს განმარტებით, იმისათვის, რომ ბავშვზე მორგებული მიდგომები დაინერგოს, აუცილებელია:

  • პოლიციის სისტემაში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ჩართულ ყველა უწყებაში შეიქმნას სპეციალური დანაყოფები ან გამოიყოს პროფესიონალები, რომლებიც მხოლოდ არასრულწლოვანთა საქმეებით იქნებიან დაკავებულნი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩეს კადრები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას და მათ საქმიანობაზე რეგულარულად განხორციელდება მონიტორინგი.
  • უაღრესად მნიშვნელოვანია, საშუალო რგოლის მენეჯერებმა გააცნობიერონ ბავშვზე მორგებული მიდგომების მნიშვნელობა, რათა ხელი შეუწყონ პროფესიონალებს მათი საქმიანობის განხორციელებაში.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დანაშაულის მოწმე ყველა ბავშვს ხელი მიუწვდებოდეს იურიდიულ დახმარებაზე სისტემასთან კონტაქტის პირველივე წუთებიდან.
  • აუცილებელია, მუდმივი ზედამხედველობა გაეწიოს ბავშვებთან დაკავშირებულ შემთხვევებს, რათა მოხდეს იდენტიფიცირება და რეაგირება ბავშვთა უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე მართლმსაჯულების სისტემაში.

"გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მიზნით, რათა დაინერგოს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად" - აცხადებს Unisef Georgia.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. საია-ს ინფორმაციით, გამოკითხვისას, მოზარდს პოლიციელები ემუქრებოდნენ და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, მოზარდზე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ
განხორციელებულა". ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია. მისივე მტკიცებით, 15 წლის ბიჭი პოლიციას მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ. თუმცა, სპეციალურ ბრიფინგზე ნინო ცაციაშვილმა დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

კომენტარები