მოზარდზე ძალადობა

შსს: პოლიცია მოზარდს ცალკე მხოლოდ 3-4 წუთით ესაუბრა, რადგან მას უთანხმოება მოუვიდა დედასთან

წარწერა, რომელიც მოზარდმა მწვანე სკოლის შენობაზე გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის მტკიცებით, არასრულწლოვანი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, პოლიციას მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ. თუმცა, სპეციალურ ბრიფინგზე ცაციაშვილმა დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

"ორივე დღეს არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ხორციელდებოდა მხოლოდ მშობლის თანდასწრებით. პირველ დღეს გამოკითხვის პროცესში სრულად მონაწილეობდა არასრულწლოვნის დედა. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ 3-4 წუთი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს, ეს მოხდა გამოკითხვის დაწყებამდე, რეალურად, ეს ემსახურებოდა მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედამისთან, იყო გარკვეული დაძაბულობა და სიტუაციის განტვირთვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთით კომუნიკაცია. რეალურად, სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება, მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით" - ამბობს ცაციაშვილი.

ინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით, მოზარდზე, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, "არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ
განხორციელებულა". ნინო ცაციაშვილის თქმითვე, არც პირველ და არც მეორე დღეს არასრულწლოვანს აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

"საზოგადოებაში ვრცელდება მხოლოდ ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული აღიარებითი ინფორმაცია. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, არანაირი ზეწოლა პოლიციის განყოფილებაში არ განხორციელებულა, თუმცა იმ კითხვებს, რაც დღეს არსებობს საზოგადოებაში, იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოთხოვნილი მასალა უკვე მივაწოდეთ" - ამბობს ცაციაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. 15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მოზარდს "მწვანე სკოლის" შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე კითხავდნენ. მთავარი არხის ინფორმაციით, ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარითსთხოვდნენ.

"გამოკითხვისას, მოზარდი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან" - აცხადებს საია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას, მისცეს ჩვენება. პარალელურად, გამოძიება მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე.

კომენტარები