ერეკლე კუხიანიძე

საკრებულოს თავმჯდომარე: კუხიანიძეზე გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მივიღებთ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები" და "იდიოტები" უწოდა, გადაწყვეტილებას საკრებულოს უმრავლესობის ფორმატში მიიღებენ.

გიორგი ტყემელაძემ ეს განცხადება ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც საკრებულოსთან გამართული აქციის მონაწილე პოლიტიკოსებს შეხვდა.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თქვენ ამას შეიტყობთ", - თქვა ტყემალაძემ და აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი უფრო სწორი სწორედ სხდომის შემდეგ იქნება.

დღესვე, საკრებულოს თავმჯდომარემ ქართული ოცნების დეპუტატის განცხადებას "ემოციური" და არაკორექტული" უწოდა. მან ასევე თქვა, რომ ყველას მიზანია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან და სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

"რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო ემოციური, არაკორექტული და შესაბამისად, მე მინდა ვთხოვო ყველას, რომ თავი შეიკავონ განსაკუთრებით ამ პერიოდში და ზოგადად ასეთი განცხადებებისგან, ამგვარი განცხადებეის გაკეთება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი", - თქვა ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

კომენტარები