მოლაპრაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ვაშაძე "ოცნებაზე": ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც ხელისუფლების შენარჩუნების შანსი ექნებათ

ჩემი აზრით, დღევანდელი შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. პირველი, რასაც მივაღწიეთ არის ის, რომ ქართული ოცნება თანხმდება იმაზე, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში - ეს არის მათი თანხმობაც.

მეორე, მათ [ქართულმა ოცნებამ] ითხოვეს მეტი დრო, რომ საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ და სავარაუდოდ, მომავალ პარასკევს გვექნება მეორე შეხვედრა.

მესამე - სამწუხაროდ, ჩემს თვალწინ ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც ვერ დახაზეს მოდელი, როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აღელვებთ, არის ხელისუფლების შენარჩუნება და ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ხშირ შემთხვევაში არგუმენტების გარეშე დარჩენილები, იმიტომ, რომ, ის კი არ აწუხებთ ქვეყანაში რა ხდება, არც ის აწუხებთ ხალხს რა პრობლემები აქვს... დრო ითხოვეს იმისთვის, რომ ვერ მოხაზეს მოდელი, როცა თანხმდებიან დიპლომატების წნეხის ქვეშ, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა ვერაფრით ხაზავენ მოდელს. არც ერთ მოდელში, როგორც ჩანს, ხელისუფლების შენარჩუნება არ გამოდის. მრავალ მანდატიან ოლქებთან დაკავშირებითაც ასევე ითხოვეს დამატებითი დრო.

წინა შეხვედრაზე ჩვენ შევჯერდით, რომ მათ უნდა ეთქვათ საკუთარი პოზიციები, მაგრამ მათი კონკრეტული პოზიციები ვერ მოვისმინეთ. ცუდ დღეში არიან, ვერ მოიგონეს მოდელი, რომლითაც ხელისუფლების შენარჩუნების შანსი ექნებათ. კი ბატონო, მივცემთ კიდევ პარასკევამდე დროს. 

ამბობს ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.

კომენტარები