გაერთიანებული სამეფოს არჩევნები

საბოლოო შედეგების თანახმად, ბრიტანელი კონსერვატორები 650-დან 365 მანდატს იღებენ

ცნობილი გახდა გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნების ბოლო ოლქის შედეგი, სადაც მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა.

ჯამში, კონსერვატორები ბორის ჯონსონის მეთაურობით 365 მანდატს მიიღებენ 650-დან, რაც წინა ჯერთან შედარებით 48-ით მეტია. კონსერვატორებისთვის ეს 1987 წლის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგია.

ლეიბორისტულმა პარტიამ 60 მანდატი დაკარგა და პარლამენტში 202 წევრით იქნება წარმოდგენილი. სოციალისტებისთვის ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1935 წლის შემდეგ. პარტიის ლიდერმა, ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ თანამდებობას შემდეგ არჩევნებამდე დატოვებს.

წარმატებული დღე ჰქონდათ შოტლანდიელ ნაციონალისტებს, რომლებმაც 13 მანდატი მოიმატეს და ვესტმინსტერში 48 წარმომადგენელი ეყოლებათ. პარტიის მთავარი მოთხოვნა ხელახალი რეფერენდუმია შოტლანდიის დამოუკიდებლობაზე.

არჩევნებმა კრახით ჩაიარა ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისთვის. ნაცვლად კონსერვატორებისა და ლეიბორისტების ჰეგემონიის გარღვევისა, ცენტრისტულმა პარტიამ 11 მანდატი მოიპოვა, რაც, ხმების 4.2%-იანი მატების მიუხედავად, წინა ჯერთან შედარებით ერთით ნაკლებია. პარლამენტში შესვლა პარტიის ლიდერმა, ჯო სვინსონმაც კი ვერ შეძლო.

დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, პრემიერი ჯონსონი მოსახლეობას ბრექსიტის ჩიხიდან გამოსვლას ჰპირდება. ქვეყანას ევროკავშირი ჯერ კიდევ 21 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა გასვლა რამდენჯერმე გადაიდო, რასაც წინა პრემიერმინისტრის, ჯონსონის თანაპარტიელის ტერეზა მეის თანამდებობა გადაყვა.

გაერთიანებულ სამეფოში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტმა გაწელა პრემიერმინისტრ ჯონსონის მიერ შეთავაზებული შეთანხმების განხილვა ევროკავშირიდან გასვლის პირობებზე.

ბოლო ოთხ წელიწადში ბრიტანეთში უკვე მესამედ ჩატარდა არჩევნები - ბრექსიტის რეფერენდუმის შემდეგ გაპრემიერებულმა ტერეზა მეიმ 2017 წელს ხელახალი მანდატის მიღება გადაწყვიტა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და უმრავლესობა დაკარგა. შედეგად, კონსერვატორები ჩრდილო ირლანიელ იუნიონისტებთან პაქტით დარჩნენ მთავრობაში. ბორის ჯონსონის გაპრემიერების შემდეგ კონსერვატორების რიგები კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, 21 მათგანი კი პარტიიდან გარიცხეს, რის გამოც, პარლამენტში ამ დრომდე სამუშაო უმრავლესობა, ფაქტობრივად, არც ერთ პარტიას ჰქონდა.

კომენტარები