სასამართლო სისტემა

კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებლობას

ტაბულა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატის მხარდაჭერით გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც სასამართლოს მიუკერძოებლად ფუნქციონირებას წაადგება.

"ჩვენი ამოცანა, ბუნებრივია, იყო სათანადო რაოდენობით უზენაესი სასამართლოს შევსება. ეს იყო მნიშვნელოვანი ამოცანა და ვფიქრობთ, რომ ამ ამოცანის შესაბამისად პარლამენტმა სწორად იმოქმედა",-თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძის თქმით, მათ გადაწყვეტილება არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს. მისივე თქმით, მოსამართლეთა კომპეტენციის კრიტერიუმები "ფარდობითი ცნებაა" და "სხვა სტანდარტი მოქმედებდეს გერმანიაში, შეიძლება სხვა იყოს სხვა ქვეყნებში და სხვა-საქართველოში".

"მე მანამდეც ვთქვი, რომ არ იყო იდეალური კანდიდატთა ნაწილის კვალიფიკაციური მახასიათებლები, რაც ვიხილეთ თუნდაც ინტერვიუების დროს პარლამენტში, თუმცა, მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით მაქსიმალურად დაბალანსებული გადაწყვეტილება",-თქვა კობახიძემ. 

კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი პარლამენტმა ე.წ "კლანის სიას", კობახიძე პასუხობს, რომ ამ სიიდან პარლამენტმა მხოლოდ 3 მოსამართლე დაამტკიცა.  

"შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გადაწყვეტილება ყველა კუთხით მაქსიმალურად არის დაბალანსებული. არავითარ კლანებზე აქ არ არის საუბარი. ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება უზენაესი სასამართლოს მიუკერძოებელ და გამართულ ფუნქციონირებას",-თქვა კობახიძემ. 

მიქაუტაძე, თადუმაძე და სხვები - პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესის უვადო მოსამართლედ აირჩია. მოსამართლეთა სია ნახეთ აქ. 

უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტური თანამდებობისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. ზაზა თავაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა თავმჯდომარემ კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ მოხნა. 

კომენტარები