ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

გერმანიის მთავრობა: რუსეთისგან ხანგოშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა არ მიგვიღია

ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ხელისუფლება უარყოფს, რომ რუსეთი ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადიციას ითხოვდა. გერმანიის მთავრობის სპიკერის ცნობით, ხანგოშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთს გერმანიისთვის არ მიუმართავს. 

პარიზში ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს ტერორისტი უწოდა. პუტინმა განაცხადა, რომ ხანგოშვილი რუსეთში მომხდარი რამდენიმე ტერაქტის ორგანიზატორი იყო. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე, თქვა, რომ ხანგოშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთმა გერმანიას წლების წინ მიმართა. 

"გერმანიის მთავრობას არ მიუღია არანაირი მოთხოვნა რუსეთისგან ხანგოშვილის ექსტრადიციის შესახებ", — განაცხადა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა. გერმანიის ხელისუფლების რამდენიმე მინისტრი ამბობს, რომ გერმანია მომავალშიც მიიღებს ზომებს ამ მიმართულებით. 

გერმანიის მთავრობის განცხადებებს რუსუთიდან მხოლოდ სერგეი ლავროვის მოადგილე, მარია ზახაროვა გამოეხმაურა. ზახაროვას თქმით, ვლადიმერ პუტინი საფუძვლიანად იცნობს ხანგოშვილის საქმეს, მაგრამ დეტალებზე საუბარი მხოლოდ კომპეტენტურ პირებს შეუძლიათ. 

საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება, გერმანიის გენერალურმა პროკურორმა გადაიბარა. 

არსებული ინფორმაციით, გერმანიის საგამოძიებო სტრუქტურებში ეჭვობენ, რომ მკვლელობის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან. რუსეთმა გერმანულ მხარეს გამოძიებაში დახმარებაზე უარი თქვა, სწორედ ეს გახდა მოგვიანებით გერმანიიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზი. 

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საპასუხოდ რუსეთი, ასევე, ორ გერმანელ დიპლომატს გააძევებენ. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის შესახებ გაიგეთ აქ. 

კომენტარები