სასამართლო სისტემა

"არ დანიშნო კლანი" - 14:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

ტაბულა

"არ დანიშნო კლანი" - 14:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაიგეგმა.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ კანდიდატებს უყრიან კენჭს.

"2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მსჯელობის გარეშე, დარბაზში და პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ხმაურისა და პროტესტის ფონზე კენჭი უყარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატებს პარლამენტისთვის შესაბამისი დასკვნის წარსადგენად.

დღეს პარლამენტში დაგეგმილია კანდიდატების საბოლოო კენჭისყრა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც უნდა დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო. კანდიდატთა უმრავლესობა სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ინტერესების გამტარებელია ან იკავებს ამჟამინდელ ხელისუფლებაში მაღალი რანგის თანამდებობებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ამ შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი და სამართლიანობის სამსახურში მყოფი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას!', - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა და 20-დან 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობისა და მოწოდებისა, არ ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან ის უკანონოა, პროცედურა მაინც ჩატარდა, ხმაურის და პროტესტის ფონზე.

კომიტეტის კენჭისყრა გავლენას ვერ ახდენს იმაზე, თუ ვინ წარსდგება პლენარულ სხდომაზე - პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს მაინც უყრის, თუმცა, იურიდიულ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება გამოკვეთს, საბოლოოდ ვის მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი.

კომენტარები