საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 12 პირი დააკავა

ტაბულა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 12 ადამიანი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დააკავა.

როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული.

ცნობისთვის, პარლამენტთან ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე, გამარჯვებული საქართველოს წევრი, გურამ ჩალაგაშვილი და კიდევ რამდენიმე აქტივისტი ქვეითთა გადასასვლელზე სიარულის გამო დააკავეს.

ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. ეს სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

კომენტარები