ჟურნალისტიკა

მსოფლიოში წელს 250 ჟურნალისტია დაპატიმრებული, აქედან ყველაზე მეტი, 48 - ჩინეთში

2019 წელს ყველაზე მეტი, სულ მცირე, 48 ჟურნალისტი ჩინეთში დააპატიმრეს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სი ძინპინი ჩინეთის მთავრობის სათავეში მოვიდა, დაპატიმრებული ჟურნალისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა.

ამის შესახებ კვლევას ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი ავრცელებს.

მსოფლიოში კი წელს ჯამში, სულ მცირე 250 ჟურნალისტი დააპატიმრეს. წინა წელს კი 255 ჟურნალისტი თავისი საქმიანობის გამო ციხეში იჯდა.

ჟურნალისტთა დაპატიმრებებით მეორე ადგილზეა თურქეთი - 47 დაკავებული ჟურნალისტით. გასულ წელთან შედარებით ეს რიცხვი შემცირებულია, როდესაც თუქეთში 68 ჟურნალისტი იჯდა ციხეში. შემდეგ მოდის საუდის არაბეთი და ეგვიპტე, ორივეგან 26 დაპატიმრებული ჟურნალისტით; შემდეგ არის ერიტრეა - 16; ვიეტნამი 12; ირანი - 11; რუსეთი - 7; აზერბაიჯანი - 6.

კვლევაში წერია, რომ ჟურნალისტთა დაკავების ძირითადი მიზეზი არის პოლიტიკა, ადამიანის უფლებები, კორუფცია.

ჩინეთში ყველაზე მეტი ჟურნალისტის დაკავების ერთერთ მთავარ მიზეზად სინძიანის პროვინციაში უიღურების მუსლიმური ეთნიკური ჯგუფის შევიწროებას ასახელებენ. სინძიანში მილიონზე მეტი უიღური საკონცენტრაციო ბანაკში არაადამიანურ პირობებში უსამართლოდ არის დატყვევებული, მათ აწამებენ და ნაწილს კლავენ. მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, თავიანთი საქმიანობის გამო.

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ჩინეთს ამ შედეგებზე პასუხი მოსთხოვეს. ამაზე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუა ჩუნინგმა განაცხადა, რომ ამერიკული ინსტიტუტები არასანდოა. მან ვერ დააკონკრეტა ჩინეთში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა.

წელს დაპატიმრებული 250 ჟურნალისტიდან 124 ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებით იხდის სასჯელს, 27 ანტისახელმწიფოებრივი ან ყალბი ამბის გავრცელების ბრალდებით, 56-ს ბრალი საერთოდ არა აქვს წარდგენილი.

250 დაპატიმრებულთაგან 246 ადგილობრივი ჟურნალისტია, ხოლო დანარჩენი 4 - უცხოელი. 

დაპატიმრებულთაგან უმეტესობა, 230 ჟურნალისტი მამაკაცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 54 დაპატიმრებულის სასჯელი 6-10 წლამდე პატიმრობაა; 27-ის 1-5 წელი; 24 ჟურნალისტის სასჯელი 11-15 წლამდეა; სამის 16-20 წელი; 25 წლიან სასჯელს ასევე სამი ჟურნალისტი იხდის, ხოლო ცხრა ჟურნალისტს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. 130 ჟურნალისტს სასჯელი მისჯილი არ აქვს.

კვლევაში არ არის ასახული გაუჩინარებული ან არასახელმწიფო აქტორის მიერ დატყვევებული ჟურნალისტები.

კომენტარები