ტერორისტების თავდასხმის შედეგად, ავღანეთში 5 ქართველი სამხედრო მსუბუქად დაშავდა

Tabula

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.

უწყებაში ამბობენ, რომ მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

"მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტების წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი საგანგებო მდგომარეობაზეა გადასული.

"სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს", - ამბობენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს.

კომენტარები