ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა

რუსეთი და უკრაინა პატიმრების გაცვლასა და დონბასში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

EPA

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე პატიმრების გაცვლასა და აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.  

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა "კონფლიქტთან დაკავშირებით დაკავებული" პირები 2019 წლის ბოლომდე უნდა გაცვალონ. ასევე, 2019 წლის ბოლომდე რუსეთი და უკრაინა "სრულ და ყოვლისმომცველ" ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შეთანხმების მიხედვით 2020 წლის ბოლომდე უკრაინის სამი რეგიონი სამხედრო ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს, თუმცა, დოკუმენტში არ წერია, რომელი რეგიონები იგულისხმება.

ვლადიმერ პუტინის თქმით, მოლაპარაკება "მნიშვნელოვანი ნაბიჯი" იყო. პუტინმა უკრაინას კონსტიტუციის შეცვლისა და დონბასის რეგიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის თქმით, მშვიდობის სანაცვლოდ ისინი ტერიტორიებს არ დათმობენ.

"დღეს განსხვავებები დავინახეთ. ჯადოსნური გამოსავალი ვერ ვიპოვეთ, თუმცა პროგრესი გვაქვს",-თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეთანხმების მიხედვით, მოლაპარაკება 4 თვეში გაგრძელდება. 

"ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერების შეხვედრა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართა. შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკი, ვლადიმერ პუტინი, ანგელა მერკელი და ემანუელ მაკრონი ესწრებოდნენ.

ნორმანდიული სამიტი ზელენსკისთვის პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი შეხვედრა აღმოჩნდა. 

უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს. 

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

კომენტარები