ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილს "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა, თუმცა მკვლელობასთან კავშირი უარყო

ზელიმხან ხანგოშვილი

​რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიაში მოკლულ საქართველოს მოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილის "ბანდიტი" და "მკვლელი" უწოდა. გარდა ამისა, მან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროს ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

ვლადიმირ პუტინმა ეს განცხადება პარიზში, "ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადირებას, მაგრამ გერმანიამ ეს არ გააკეთა.

რაც შეეხება გერმანიის მხრიდან ორი რუსი დიპლომატის გაძევებას, პუტინმა ამას არაკორექტული უწოდა და თქვა, რომ რუსეთი იგივე ზომებს მიიღებს.

"არსებობს დაუწერელი კანონები: თქვენ გააძევეთ ჩვენი დიპლომატები, ჩვენ გავაძევებთ თქვენსას", - თქვა პუტინმა.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, პუტინმა ორმხრივი მოლაპარაკებების დროს აღნიშნა, რომ რუსეთი გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში დაეხმარება.

4 დეკემბერს გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის მიზეზი აგვისტოში მომხდარი მკვლელობა გახდა. 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის დაპატიმრებულ პირს რუსეთის პასპორტი აღმოაჩნდა. 

მალევე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის სპესამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. ამ ვარაუდს ამყარებდა რამდენიმე გავლენიანი გამოცემის მიერ ჩატარებული არაერთი ჟურნალისტური გამოძიება. 

4 დეკემბერსვე გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობასთან დაკავშირებით ახალი მასალები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურაში დაადასტურეს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი გრუ-ს სახელით ცნობილი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოა. 

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ.

კომენტარები