სასამართლო სისტემა

ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11 დეკემბერს უზენაესის კანდიდატების კენჭისყრა გააპროტესტონ

ეკა ბესელია მოქალაქეებს მოუწოდებს, 11 დეკემბერს, 09:30 საათიდან პარლამენტთან შეიკრიბონ და გააპროტესტონ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კანდიდატების კენჭისყრა.

"ეს საკითხი განსაზღვრავს, როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტი, რომელიც ხალხის ორგანოა, მიიღებს გადაწყვეტილებას სწორედ თქვენი სახელით, რომ უვადოდ იყოს არჩეული უზენაესი, ანუ ბოლო ინსტანციის სასამართლო. ეს განსაზღვრავს ამ ქვეყანაში, როგორი იქნება თქვენი ხვალინდელი დღე, იქნებით თუ არა დაცული ძალადობისგან, უსამართლობისგან, იქნება თუ არა სამართლიანი საარჩევნო გარემო, იქნება თუ არა მედია, ბიზნესი თავისუფალი. იქნებით თუ არა სოციალურად უკეთეს მდგომარეობაში და თითოეული თქვენგანი იცხოვრებს თუა რა მშვიდად ამ ქვეუანაში. ვინაიდან სწორედ ეს ინსტიტუტი, ხელისუფლების ეს შტო განსაზღვრავს ამ ქვეყანაში მშვიდი, თავისუფალი, სამართლიანი და არაძალადობრივი გარემო იქნება", - თქვა ეკა ბესელიამ სპეციალურ ბრიფინგზე.

11 დეკემბერს, 09:30 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტს, რომელ მათგანს წარუდგენს პარლამენტს.

_________________________________________________________________________________

უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 20 ვაკანტური პოზიციისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ზაზა თავაძეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კანდიდატურა მოხსნა.

პარლამენტი ყველა მათგანს გაესაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ მათ კანდიდატურებს კენჭი სათითაოდ უნდა უყაროს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები