პოლიტპატიმრები

თალაკვაძე ევროპარლამენტარებზე: არ არსებობს ოფიციალური განცხადება პოლიტპატიმრებზე

facebook.com/talakvadze

პარლამენტის სპიკერ არჩილ თალაკვაძეს ევროპარლამენტარების განცხადებებზე ჰკითხეს, რომლებიც მმართველ გუნდს მოუწოდებენ, გაათავისუფლონ მიმდინარე წელს დაკავებული პოლიტმატიმრები. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საქართველოს პოლიტმატიმრები არ ჰყავს. 

"არ არსებობს ევროპარლამენტის ოფიციალური დასკვნა ან განცხადება, სადაც ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ჰყავს პოლიტმატიმრები,"- ამბობს თალაკვაძე. 

პარლამენტის სპიკერის თქმით, ადამიანების დიდი ნაწილი დაკავებულია იმისთვის, რომ მათ "პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა მოახდინეს". თალაკვაძის თქმით, ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა "არ მოითმენს" საკუთარ პარლამენტზე "ძალადობრივ შეტევას" და მას კანონით გათვალისწინებული ზომებით უპასუხებს. 

"ხოლო იქ, სადაც იყო კითხვები, ხომ არ დაარღვიეს პოლიციელებმა კანონი, იქ ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხარეს იყო გადამოწმებული," - ამბობს თალაკვაძე. 

თუმცა, გამოძიება, რომელიც ქართულმა ოცნებამ 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დაიწყო, დღემდე არ დასრულებულა. პროკურატურამ სამი სამართალდამცველი დააკავა და სამივე მათგანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ხოლო ის, ვინც გამოძიების მთავარი სუბიექტი უნდა ყოფილიყო, ქართული ოცნების უმრავლესობამ პრემიერმინისტრად დანიშნა. 

ამასთან, 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლის დროს და ასევე სხვა აქციებზე შსს-მ ჯამში 100-მდე დემონსტრანტი დააკავა.

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს მომიტინგეების დაკავების პრაქტიკა. 

"ამით მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება და თავისუფლება ირღვევა. მსგავსმა პრაქტიკამ საქართველოში თავისუფალი შეკრების შესახებ ადამიანების აღქმაზე, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს" - წერს ორგანიზაცია. 

კომენტარები