ე.წ გერმანული მოდელი

რას ნიშნავს მრავალმაჟორიტარიანი ოლქები, რაზეც მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება

რადიო თავისუფლება

დღეს, 8 დეკემბერს გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.

როგორც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საერთაშორისო პარტნიორებმა მათ შესთავაზეს, ცალ-ცალკე განეხილათ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული, გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებული საარჩევნო ვარიანტის კომპონენტები. ამ ეტაპზე, ასეთი აღმოჩნდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

რას ნიშნავს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები და რითი იქნება განსხვავებული დღევანდელისგან?

დღესდღეისობით საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს - 150 დეპუტატიდან, 77 პარტიული სიიდანაა არჩეული, ხოლო 73 მაჟორიტარია.

მაჟორიტარები არჩეულები არიან ერთმანდატიანი ოლქებიდან, რაც იმას გულისხმობს, რომ ჯამში, ქვეყანა დაყოფილია 73 ოლქად, საიდანაც თითოეული ირჩევს თითო მაჟორიტარ დეპუტატს.

ოპოზიციის შეთავაზებით, ქვეყანა დაიყოფა 10 მაჟორიტარულ ოლქად, თითოეული ოლქიდან კი 6-8 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება არჩეული. ჯამში, მაჟორიტარების რაოდენობა კვლავ 73 იქნება, რის გამოც აღარ გახდება საჭირო კონსტიტუციის ცვლილება.

მათი არჩევის სისტემა მარტივია - პარტიებს შეეძლებათ, იმდენი კანდიდატი წარადგინონ, რამდენიც სურთ, არაუმეტეს ოლქში ასარჩევი მაჟორიტარების მაქსიმალური რაოდენობისა. ამომრჩეველს კი ბიულეტენზე მხოლოდ ერთი კანდიდატის ამორჩევა შეეძლება. საბოლოოდ, თუ ოლქს გაყავს 8 მაჟორიტარი, აირჩევა რვა საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

ვრცლად ე.წ გერმანული მოდელის შესახებ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებია, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები