ვაშაძე: ოპოზიციას პრობლემა არ აქვს, კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა

პირველი არხი

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

მისი განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით, ხელისუფლება და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხზე იმსჯელებს:

"არავითარი შეთანხმება არ მომხდარა, არავითარი შედეგი, რასაც თქვენ გულისხმობთ, პოზიტიური, არ არის. მოხდა დათანხმება, როდესაც მხარეები უკვე ორი რაუნდია, ვერ თანხმდებიან ვერაფერზე, საერთაშორისო შუამავლებმა ამოიღეს კომპონენტი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების ჩვენი დოკუმენტიდან და გვითხრეს - მოდით, ეს კომპონენტი განვიხილოთ ცალ-ცალკე. ოპოზიციას პრობლემა არა აქვს, კომპონენტ-კომპონენტ განიხილოს საარჩევნო სისტემა და საარჩევნო პრინციპები." - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე. მოლაპარაკებები 18:00 საათიდან დაიწყო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში და ქართველი პოლიტიკოსების გარდა, შეხვედრას უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, შეხვედრას დაესწრო პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მის გარდა, ოპოზიციას წარმოადგენდნენ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან. მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ აგრეთვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - აკაკი ასათიანი და ნინო ბურჯანაძე.

ხელისუფლებიდან შერატონში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

კომენტარები