ბოკერია: ველოდებით "ოცნების" პოზიციას მარვალმანდატიან ოლქებზე

ევროპული საქართველო

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსები ჟურნალისტებთან პირველ კომენტარებს აკეთებენ.

ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, დაიწყო ოპოზიციის შეთავაზების კომპონენტების სათითაოდ განხილვა:

"გერმანული მოდელი არის ჩვენი შეთავაზების საკვანძო კომპონენტი. ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინადადებით დავიწყეთ კონპონენტ-კომპონენტ გავლა ჩვენი შეთავაზების. მაგალითად, ახლა ველოდებით მრავალმანდატიან ოლქებზე, ამ ნაწილზე ჩვენი შეთავაზების, მმართველი პარტიის პოზიციას," - ამბობს ბოკერია.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე. მოლაპარაკებები 18:00 საათიდან დაიწყო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში და ქართველი პოლიტიკოსების გარდა, შეხვედრას უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, შეხვედრას დაესწრო პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მის გარდა, ოპოზიციას წარმოადგენდნენ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან. მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ აგრეთვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - აკაკი ასათიანი და ნინო ბურჯანაძე.

ხელისუფლებიდან შერატონში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

კომენტარები