წულუკიანი: ვიმსჯელებთ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსიც ესწრებოდა.

პირველი კომენტარი ხელისუფლებიდან იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა. მისი თქმით, ქართული ოცნება თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა.

"საერთაშორისო პარტნიორებმა დააყენეს წინადადება ორივე მხარის წინაშე, ხომ არ გვემსჯელა მხარეებს იმაზე, რომ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში, სადაც საქართველოს პარლამენტი არის ნახევრად მაჟორიტარული და ნახევრად პროპორციული და არა სრულად პროპორციული, როგორსაც ამას ოპოზიცია ითხოვს, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ხომ არ გვემსჯელა, რომ საქართველოს პარლამენტის ერთი ნახევარი იყოს არა ერთმანდატიანი მაჟორიტარული, არამედ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული, ოღონდ არსებული კონსტიტუციის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ ვიმსჯელოთ, რატომაც არა, განვიხილოთ ეს წინადადება, რომელიც ერთ-ერთმა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა ზეპირად წაიკითხა და შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, ჩავიხედოთ დეტალებში და ოპოზიციამაც განაცხადა იგივე, რომ მათ დასჭირდებათ შიგნით მსჯელობა, კონსტულტაციები და შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, მოსწონთ, აწყობთ თუ არა პოლიტიკურად ეს მოდელი," - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სწორედ ეს ნაწილი იქნება მომდევნო შეხვედრის მთავარი თემა.

დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაიმართა მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე. მოლაპარაკებები 18:00 საათიდან დაიწყო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში და ქართველი პოლიტიკოსების გარდა, შეხვედრას უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, შეხვედრას დაესწრო პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მის გარდა, ოპოზიციას წარმოადგენდნენ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან. მოლაპარაკების მაგიდასთან იყვნენ აგრეთვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - აკაკი ასათიანი და ნინო ბურჯანაძე.

ხელისუფლებიდან შერატონში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ასევე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

კომენტარები