კახიანი: იმედი მაქვს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრას კონკრეტული შედეგი ექნება

ტაბულა

შერატონ მეტეხი პალასში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე 15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. შესვენებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

"არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, რომ ვიდრე საბოლოო შედეგი არ იქნება ამ შეხვედრის, რაიმე წინასწარი კომენტარი გავაკეთო. ცოტაც მოითმინეთ, მალე დამთავრდება შეხვედრა და ამ შეხვედრას რა შედეგი ექნება, გაიგებთ. იმედი მაქვს, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი იქნება, " - თქვა მან ჟურნალისტებთან.

შერატონ მეტეხი პალასში 18:00-ზე დაიწყო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

მოლაპარაკებებს ქართველი პოლიტიკოსების გარდა, შეხვედრას უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, შეხვედრას ესწრება პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მის გარდა, ოპოზიციას წარმოადგენენ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან. მოლაპარაკების მაგიდასთან არიან აგრეთვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - აკაკი ასათიანი და ნინო ბურჯანაძე.

ხელისუფლებიდან შერატონში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერები გია ვოლსკი და გიორგი კახიანი.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

კომენტარები