ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის დიპკორპუსის თანხლებით მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი იმართება

შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევაზე. მოლაპარაკებები 18:00 საათიდან დაიწყო სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში და ქართველი პოლიტიკოსების გარდა, შეხვედრას უცხოელი დიპლომატებიც ესწრებიან.

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, შეხვედრას ესწრება პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. მის გარდა, ოპოზიციას წარმოადგენენ გიგა ბოკერია ევროპული საქართველოდან, გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან და დავით უსუფაშვილი შენების მოძრაობიდან. მოლაპარაკების მაგიდასთან არიან აგრეთვე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები - აკაკი ასათიანი და ნინო ბურჯანაძე.

ხელისუფლებიდან შერატონში მივიდა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

თუმცა, ხელისუფლება კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ ასეთი მოდელი არაკონსტიტუციურია.

კომენტარები