სასამართლო სისტემა

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი ვასილ როინიშვილია

ვასილ როინიშვილი

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი ვასილ როინიშვილია.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მის კანდიდატურას კენჭი დღეს უყარა. პარლამენტს სწორედ მისი კანდიდატურა წარედგინება.

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატების წევრია.

ის 2009 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

მანამდე ის როგორც გენერალურ, ასევე სხვადასხვა რეგიონის პროკურატურაში მუშაობდა.

2004 წელს კი იყო უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი.

________________________________________________________________________________

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს 20 ვაკანტური პოზიციისთვის 20 კანდიდტურას განიხილავს. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა, ზაზა თავაძემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა.

განხილვის პროცესში უფლებამოსილების ვადა უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს ამოეწურა და შესაბამისად, გაჩნდა უვადო მოსამართლის კიდევ ერთი ვაკანტური ადგილი.

პარლამენტი 20 კანდიდტს უკვე გაესაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ მათ კანდიდატურებს კენჭი სათითაოდ უნდა უყაროს. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

ნინო ლომჯარიას თქმით, განსაკუთრებით პრობლემატური ორი საკითხი იყო:

"პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს".

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარსდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები