ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა 14 დეკემბერს მორიგი აქციის გამართვას გეგმავს.
პარტიაში ამტკიცებენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა, რომ 14 დეკებერს თბილისში ჩამოვლენ პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც და მათი ტრანსპორტირება დაფინანსდება.
ჩაკვეტაძეს ტაბულამ ჰკითხა, არის თუ არა ეს კონტრაქცია და აპირებენ თუ არა პარტიის აქტივისტები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმას, იმ შემთხვევაში, თუ "სირცხვილიას" აქცია 14 დეკემბერს გაიმართება.
"არა, ისინი თუ დააპირებენ ჩვენთან დაპირისპირებას, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს. ეს არის რუსული ინტერესების კონტრაქცია, რომლის წარმომადგენლებიც არიან "შეცვალე" და ნაციონალური მოძრაობა", - თქვა მან.
კითხვას, რატომ დაესხნენ თავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს 2 დეკემბერს და როგორ აღმოჩნდნენ ისინი ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტიდან ქართული ოცნების ოფისთან, გიორგი ჩაკვეტაძე პასუხობს, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე დილიდან მოძრაობდნენ "ლოჯისტიკურად, მოხალისეობრივ დონეზე", ჰქონდათ საორგანიზაციო სამუშაოები და ამ დროს, შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ამ მოძრაობაში, როცა დაუძახეს მათ "მონა", "ქურდული ოცნების წარმომადგენლები", ძალიან დიდი ბოდიში, რომ ძალიან ბევრმა მათგანმა ვერ შეიკავა თავი, იმიტომ რომ მათ თავზე გადაიარა 9-წლიანმა რეჟიმმა. ძალიან რთულია ამ ადამიანებს, მით უმეტეს, როცა კანონისგან ეს ვალდებულება არ აქვთ, არ წამოეგონ პროვოკაციაზე და ჰქონდეთ ე.წ. როგორც ჰქვია, თავის შეკავება, ანუ თმენის ვალდებულება. თუმცა მე ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში ჩვენს გულშემატკივრებს, მხარდამჭერებს, რომ თავი შეიკავონ აგრესიაში მონაწილეობისგან", - ამბობს ჩაკვეტაძე.
ტაბულას კითხვას ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ "მორალური ძალადობა, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება იყოს არანაკლები".
მას ასევე ვკითხეთ, ხედავს თუ არა სხვაობას გამოხატვის თავისუფლებასა და ფიზიკურ ძალადობას შორის, რაზეც გვიპასუხა:
"ფიზიკურად არ გაუსწორდნენ ჩვენს მხარდამჭერებს, დიდი ბოდიში? გაუსწორდნენ, ბოთლები ესროლეს, შეურაცხყოფა მიაყენეს".
გიორგი ჩაკვეტაძე ამტკიცებს, რომ 2 დეკემბერს ქართული ოცნების ოფისთან პარტიის ათობით მხარდამჭერი დაშავდა და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "ქართული ოცნების" 14 დეკენბრის აქციაზე მისვლას აიძულებენ და მათ გათავისუფლებით ემუქრებიან. მოძრაობა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და მათ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. რამდენიმე ასეთ აქციაზე ისინი შეკრებილებს თავს დაესხნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.