თბილისის მიკროავტობუსი

ვიცემერი: თბილისის მიკროავტობუსს ტარიფის გაზრდას არ დავთანხმდები, სხვა ვერსიებს შევთავაზებ

თბილისის მერია

თბილისის ვიცემერის თქმით, ერთადერთი პირობა, რომელსაც თბილისის მიკროავტობუსს არ დათანხმდება, მგზავრობის ტარიფის გაზრდაა. ამის შესახებ ირაკლი ხმალაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

"ჩვეულებრივ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციაში, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გაიზარდოს ტარიფი, მაგრამ ქალაქში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობიდან და ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წამახალისებელ პოლიტიკას - მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ნაკლებად საკუთარი მანქანებით, ჩვენი პოლიტიკის მიზნებთან და პრინციპებთან შეუსაბამობაშია ტარიფის ზრდა.

მოლაპარაკებები მიმყავს და ერთადერთი პირობა, რომელსაც არ დავთანხმდები, არის ტარიფის ზრდა, განვიხილავ და შევთავაზებ ყველანაირ ვერსიას, მაქვს გარკვეული ვერსიები, როგორ შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს პარკის განახლება, ისე რომ არ შევეხოთ ტარიფს

ტარიფის გაზრდა პირველ რიგში მიუღეველია იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის იქნება ეს მტკივნეული, მეორეს მხრივ, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პოლიტიიკის მიზნებს, ერთი კვირა კიდევ მაქვს დარჩენილი და მჯერა, ამ ერთ კვირაში, მთავრობის სხდომაზე გაჟღერდება კონკრეტული ვერსია, კომპანიასთან შეთანხმებით, თუ როგორ მოხდება მიკროავტობუსების პარკის ჩანაცვლება" - ამბობს თბილისის ვიცემერი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 27 ნოემბერს ვიცემერს დაავალა კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან მოლაპარაკება, რათა 2020 წლიდან უკვე დაიწყოს მიკროავტობუსების პარკის განახლების პროცესი. კალაძე კონკრეტული გეგმის წარდგენას ორ კვირაში ითხოვს და ამბობს, რომ აღარ აპირებს "კიდევ რამდენიმე წელი ლოდინს".

ამის შემდეგ, "თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ ორჯერ გამართა პრესკონფერენცია. მისი თქმით, ლარის გაუფასურებისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო, ტარიფის ზრდის გარეშე შეუძლებელია ავტოპარკის განახლება. ასანიძე ამბობს, რომ შეიძლება, "ერთ დღეს თბილისი მიკროავტობუსის გარეშე დარჩეს". გამოსავლად თბილისის მიკროავტობუსს მგზავრობის ტარიფის 20-30 თეთრით გაზრდა მიაჩნია. 

კომენტარები