ბავშვთა პორნოგრაფია

შსს-მ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავა

შსს

შსს-მ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული გამოსახულებების წარმოების, დამზადების ბრალდებით მშობლები და მასწავლებელი დააკავა.

დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს-ის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოს უღებდნენ, უცხოეთში რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულია ბავშვების სკოლის პედაგოგიც, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობაში ეხმარებოდა.

ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა ამ ქსელის 11 წევრი დააკავეს.

ბავშვთა ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 22 ადამიანია დაკავებული. 

შსს დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, შესაბამის ფსიქო-სოციალურ ღონისძიებებს აგრძელებს. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

კომენტარები