გომელაური "ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაზე: ვფიქრობ, პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა

ტვ.პირველი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ 2 დეკემბერს ქართული ოცნების აქტივისტების მიერ სამოქალაქო მოძრაობების წევრებზე თავდასხმის ფაქტზე საქმე აღძრულია და "თუ დასაკავებელია დააკავებენ ადამიანებს". მისი თქმით, პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა და რაც მოხდა სამწუხარო ფაქტია. 

"მე ვფიქრობ რომ პოლიციას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. საქმე აღიძრა. იყო შეხლა-შემოხლა. მოვუწოდეთ რომ ჩაბრძანებულიყვნენ, ქვემოთ გაწეულიყვნენ ეს ადამიანები მაგრამ უარი განაცხადეს და იყო ჭიდაობა პოლიციასთან. სამწუხაროა"- ამბობს გომელაური. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო მოძრაობები "სირცხვილია" და "შეცვალე" მცხეთის მერიასთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ცემას და დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრები მივიდნენ ყვირილით და გინებით. მმართველი გუნდის აქტივისტები სამოქალაქო მოძრაობის წევრებს რამდენჯერმე ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

მას შემდეგ, რაც პოლიციამ ქართული ოცნების პარტაქტივსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კორდონი გააკეთა, "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქციის მიმართულებით პიროტექნიკის და სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყეს. შედეგად დაშავდა 5 სამოქალაქო აქტივისტი, მათ შორის, არასრულწლოვანი.

ამის მიუხედავად, პოლიციას არც ერთი მოძალადე არ დაუკავებია. პირიქით, ისინი მშვიდობიან აქტივისტებს მოუწოდებდნენ, გარიდებოდნენ აგრესიული დაჯგუფებებს და შესაბამისად, ტერიტორიას. სამართალდამცველებმა სირცხვილიას წევრებს ამისთვის ყვითელი ავტობუსიც შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.

კომენტარები