ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ჯუნგლების ხანძარში ლეონარდო დიკაპრიოს ადანაშაულებს

ჟაირ ბოლსონარო / ლეონარდო დიკაპრიო

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის გაჩენაში მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო დაადანაშაულა. პრეზიდენტმა webcast-ზე 29 ნოემბერს ისაუბრა და თქვა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციები ტყის ხანძრების გაჩენას ხელს უწყობენ.

"არასამთავრობო ორგანიზაციების ხალხი რას აკეთებს? რა არის უფრო მარტივი? ცეცხლს უკიდებენ ბუჩქებს. გადაიღე ფოტო, ფილმი, გაუგზავნე არასამთვრობო ორგანიზაციას, ისინი გაავრცელებენ, ბრაზილიის წინააღმდეგ კამპანიას წამოიწყებენ, დაუკავშირდებიან ლეონარდო დიკაპრიოს, დიკაპრიო 500,000 დოლარდ გადაურიცხავს მათ. ამ ფულის ნაწილი იმ ხალხს მისდით, ვინც ცეცხლი გააჩინა. ასე არაა? დიკაპრიო, შენ ხელს უწყობ ამაზონის გადაწვას, ეს დაუშვებელია." თქვა ბოლსონარომ.

მან ბრალდება 30 ნოემბერს პრეზიდენტის სასახლის გარეთ მომხრეებთან შეხვედრაზეც გაიმეორა:

"დიკაპრიო შესანიშნავი პიროვნებაა, არა? ამაზონში ხანძრის გასაჩენად ფულს რიცხავს."

ლეონარდო დიკაპრიო ბრალდებებს ინსტაგრამზე გამოეხმაურა:

"ამ შეუცვლელი ეკოსისტემების მომავალი სასწორზეა და ამაყი ვარ, რომ იმ ჯგუფების გვერდით ვდგავარ, ვინც მათ იცავს."

ბოლსონაროს განცხადება დაგმეს ბრაზილიაში მოქმედმა გარემოს დაცვის ორგანიზაციებმა. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ბრაზილიის პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ესხმის თავს. აგვისტოში, როდესაც ამაზონის ჯუნგლებში მასშტაბური ხანძარი მძვინვარებდა ბოლსონარომ თქვა, რომ შესაძლოა ცეცხლს არასამთავრობო ორგანიზაციები აჩენდნენ, რომლებსაც მან მთავრობაში მოსვლის შემდეგ დაფინანსება შეუმცირა. მისი თქმით ამგვარად NGO-ებს მისი მთავრობისათვის ძირის გამოთხრა სურთ.

"ყველაფერი ამისაკენ მიუთითებს...დანაშაული სახეზეა. ამ ხალხს ფული მოაკლდა." თქვა მან, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა ამის მტკიცებულება ბოლსონარომ თქვა, რომ "დაწერილი გეგმა" არ არსებობს და "ეს ასე არ ხდება".

საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები კი ამბობენ, რომ ყოველწლიურ ხანძრებს სწორედ ბოლსონაროს პოლიტიკა ამწვავებს, რომლის შედეგადაც, მათი თქმით ამაზონის ჯუნგლების უფრო სწრაფი ტემპით იჩეხება.

კომენტარები