გიგა მაქარაშვილმა გორის იზოლატორი გვიან ღამით დატოვა

გიგა მაქარაშვილი/facebook

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა გორის იზოლატორი წუხელ გვიან დატოვა. მას პატიმრობის ვადა ამოეწურა. 

მაქარაშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

მაქარაშვილს იზოლატორთან აქტივისტები და მხარდამჭერები დახვდნენ, რომლებმაც საქართველოს ჰიმნი და "თავისუფლება ლომთა ხვედრია" იმღერეს. 

"განწყობა მაქვს ძალიან მაგარი. ყარს სისტემა შიგნიდან და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩემს გარშემო იყო დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას"- თქვა მან. 

მაქარაშვილი თბილისში მიმდინარე პროტესტს დღეს შეუერთდება. 

..............

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. 

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები