პროპორციული არჩევნები

ჰარცელი: მნიშვნელოვანია, განიხილებოდეს გერმანული მოდელი, დაგვესწრება ვენეციის კომისიაც

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი შეხვდა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი.

ჰარცელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

"სიტუაციიდან გამოსავალი, ჩემი აზრით, იმ მარტივი ფაქტის აღიარებაა, რომ საჭიროა დიალოგი, რადგანაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე თანხმდებოდეს, მოლაპარაკების მაგიდაზე მართლა განიხილებოდეს გერმანული მოდელი და სხვა საკითხები.

მგონია, რომ ეს შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო დისკუსია გამოდგეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც ხვალ მაგიდასთან გვეყოლება," - ამბობს ევროკავშირის ელჩი.

დღეს, 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე.

შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსიც.

კომენტარები