ირაკლი დაჩი ბერაია

ბერაია ხოშტარიაზე: უპასუხისმგებლოა, მისი საქციელი პარლამეტის დისკრედიტაციას ახდენს

პარლამენტი

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი დაჩი ბერაია ევროპული საქართველოს დეპუტატ ელენე ხოშტარიას უპასუხისმგებლოს უწოდებს და ამბობს, რომ ხოშტარიას საქციელი "პარლამეტის დისკრედიტაციას ახდენს".

ბერაია 28 ნოემბერს იხსენებს და ამბობს, რომ მას "პარლამენტის უპასუხისმგებლო წევრებთან" მცირე ინციდენტიც მოუვიდა. კითხვას, თუ ვინ არის პარლამენტის "უპასუხისმგებლო" წევრი, ბერაია პასუხობს, რომ ელენე ხოშტარიას გულისხმობს, - "მაგალითად ელენე ხოშტარიასთან, მისი საქციელი დისკრედიტაციას ახდენს პარლამეტის და ძალიან მრცხვენია მის მაგივრად".

გუშინ, 28 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა. სწორედ მომხდარს გამოეხმაურა ონცების დეპუტატი ტაბულასთან საუბარში.

კითხვაზე, თუ რომელ საათზე მივიდა პარლამენტში დღეს, ბერაია ტაბულას პასუხობს, რომ "10-ის ნახევრისთვის" და მას "ცოტათი" დააგვიანდა უმრავლესობის სხდომაზე.

ეს კითხვა უმრავლესობის წევრების მიმართ მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ პარლამენტში მისვლა სხდომამდე დაახლოებით სამი საათით ადრე დაიწყეს. მათი მანქანები უკვე საკანონმდებლო ორგანოს ეზოშია.

როგორც დაჩი ბერაია ამბობს, იგი აქტივისტებს არ დამალვია, - "მე გუშინ ჯებირების შემოვლით არ შემოვსულვარ, ხალხის გავლით შემოვედი. თქვენ ფიქრობთ, რომ მე აქტივისტებს დავემალე? არავისთან დასამალი არ მაქვს, ერთად გავიდეთ თუ გნებავთ აქტივისტებთან", - ამბობს ბერაია ტაბულასთან საუბარში.

პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. მანამდე ჩანიშნულია ორი კომიტეტის, ასევე, ბიუროს სხდომა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება დღესაც იგეგმება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან უკვე იკრიბებიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებდა. ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის ეზოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს გავლით შევიდნენ, მათ ნაწილს ეზოში ოპოზიცია დახვდა. პარლამენტის შენობის მიმდებარედ რამდენჯერმე იყო ხმაური და შეხლა-შემოხლა. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "მონა", "სირცხვილი" და ა.შ.

კომენტარები