საია: 20 ივნისს რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ

ტბელ აბუსერიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშის მიხედვით, 20-21 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილებს რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ესროდნენ. ამასთან, საია აღნიშნავს, რომ რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, ვისგანაც საფრთხე არ მომდინარეობდა.

"ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ", - აღნიშნულია საიას ანგარიშში.

გარდა ამისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ დაფიქსირდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი.

"სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს", - აღნიშნავენ საიაში.

ამასთან, ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია, რომ არასათანადოდ მოეპყრნენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც დააკავეს.

"პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცავთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გავრილოვის ღამეს​ დაირღვა მედიის წარმომადგენლების უფლებებიც, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის და საკუთრების უფლებები. ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 20-21 ივნისის ღამეს იყო ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები.

საია-ში ასევე აღნიშნავენ, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა მასობრივად გამოიყენა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას - ადმინისტრაციულ პატიმრობას.

რაც შეეხება საქმეების სასამართლოში განხილვას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში მითითებულია, რომ ამ პროცესმა სისტემური და პრაქტიკული პრობლემები კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.

საიას თქმით, 21 ივნისის დღის განმავლობაში და შემდგომ სახდელების გამოყენების პრაქტიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთ შეთანხმებულ, მართულ ქმედებას და არა – საქმეთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ განხილვას.

ამასთან, ორგანიზაციის აზრით, სასამართლოზე გამოყენებული პრაქტიკა და მისი მასშტაბები ადასტურებს, რომ დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედ კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს.

"20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს", - ამბობენ საიაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას.

ანგარიშის "დაკარგული თვალის მიღმა" პრეზენტაცია საია-მ დღეს, 27 ნოემბერს გამართა. დოკუმენტში შეფასებულია: 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა.

"გავრილოვის ღამის" ქრონიკა ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები