NATO

მერკელი: NATO-ს შენარჩუნება ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო

The National

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის "ტვინი მკვდარია" ევროპის არაერთმა ლიდერმა მისი საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, NATO-ს შენარჩუნება გერმანიის ერთერთი უმთავრესი ინტერესი იყო. 

"დღეს NATO-ს შენარჩუნება უფრო მეტადაა ჩვენ ინტერესებში, ვიდრე ეს ცივი ომის დროს იყო, ან სულ მცირე, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო," - განაცხადა მერკელმა დეპუტატებთან საუბრისას.

კანცლერმა ისიც თქვა, რომ ევროპას, ამჟამად, საკუთარი თავის დაცვა თავად არ შეუძლია.

მერკელმა რამდნიმე დღის წინ განაცხადა, რომ მაკრონის სიტყვებს არ ეთანხმებოდა.

მაკრონის სიტყვებს პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავეცკი გამოეხმაურა. მან NATO-ს წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ NATO-ს ხელშეკრულებაში კოლექტიური თავდაცვის გარანტიის ეჭვქვეშ დაყენება ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის მომავლის საფრთხე იყო.

მაკრონის განცხადებას არ დაეთანხმა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგიც, რომელსაც ტრანსატლანტიკური კავშირების დასუსტების მცდელობა ევროპისთვის საფრთხედ მიაჩნია.

მათ საპირისპიროდ, მაკრონის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO გონებრივად უნაყოფო ორგანიზაციაა და თავდაცვის საკითხებში ევროპელები აშშ-ის აღარ უნდა დაეყრდნონ. მაკრონის თქმით, დროა საკუთარი თავდაცვაზე ევროპელებმა თავად იზრუნონ.

კომენტარები