პიკეტირებები პარლამენტის დღის წესრიგის მიხედვით გაგრძელდება - ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ტაბულა

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობის "სირცხვილია" შეხვედრა დასრულდა, სადაც სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. 

შეხვედრიდან გამოსული პოლიტიკოსებისა და სამოქლაქო აქტივისტების თქმით, გაგრძელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი და პარლამენტის პიკეტირებებს იმის მიხედვით მოხდება, რა დღის წესრიგიც ექნება პარლამენტს.

ამასთან, ხუთშაბათს, 28 ნოემბერს დილით პარლამენტის შესასვლელის პიკეტირება მოხდება. 

მასშტაბური აქციის თარიღი კი კვირის ბოლოს, დაახლოებით, პარასკევს ან შაბათს დაანონსდება. 

პარტიის "ახალი საქართველო" ლიდერის, გიორგი ვაშაძის, თქმით, პარასკევს ასევე იმ კანონპროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა. 

"ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კონტაქტი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მოხდეს კიდევ უფრო დიდი წნეხი ქართულ ოცნებაზე,"- ამბობს ვაშაძე. 

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პირობა არ შეასრულა და მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, სრულიად ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სამი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო სისტემით. 

ოპოზიცია ამ მიზნის მიღწევას წერტილოვანი დარტყმებითა და აქციებით ცდილობს. 17 და 25 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება შეძლეს, რადგან იქ ქართული ოცნების დეპუტატები არ შესულიყვნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმმა ისინი წყლის ჭავლებით დაარბია. პირველი შემთხვევის დროს 37 ადამიანი დააკავეს, მეორედ - 28. 

კომენტარები