პარლამენტის პიკეტირება

აქციის მონაწილეები რუსთაველიდან პარლამენტის შესასვლელებისკენ დაიძრნენ

ტაბულა

აქციის მონაწილეები რუსთაველიდან პარლამენტის შესასვლელებისკენ დაიძრნენ.

მათ სურთ, პარლამენტის პიკეტირება მოახდინონ და შენობის შესასვლელები დაბლოკონ, რათა დეპუტატებს ხვალ მუშაობაში ხელი შეუშალონ.

დემონსტრანტები სკანდირებენ: წადი, ქურდებო.

პარლამენტის ერთერთ შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. ჭიჭინაძის ქუჩა სპეცრაზმს ჩაკეტილი აქვს.

გიგი უგულავამ სამართალდამცველებს შეშის ქურდები უწოდა. 

"ახლა შემოვარტყამთ ცოცხალ ჯაჭვს. ხვალაც გაგრძელდება პიკეტირება, რომ ამ უსაქმურებმა... ერთადერთი რამ, რაც შეუძლიათ გააკეთონ, განიხილონ ის კანონპროექტი და მიიღონ. მანამდე პროტესტი არ შეჩერდება", - თქვა უგულავამ. 

 

სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს რამდენიმე მანქანა, რომელზეც შეშა, კასრები და პიკეტირებისთვის საჭირო სხვა ნივთები ელაგა. 

აქციის მონაწილეები კვლავ ითხოვენ, ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

აქტივისტებმა და ოპოზიციამ პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმის გამოყენებით მოხსნა.

ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო საკონსტიტუციო კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. ამით მმართველმა გუნდმა ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შეასრულა, რომელიც მან ანტირუსული მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლის და ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ გასცა.

კომენტარები