თორნიკე მამალაძე

თორნიკე მამალაძე: შეწყალებაზე სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე უარი თქვა შორენამ

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ მისი ძმის შეწყალების და გათავისუფლების უფლებას საპატრიარქოს შორენა თეთრუაშვილი არ აძლევს:

"კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ. გიორგობას გილოცავთ!" წერს თორნიკე მამალაძე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. თავად დეკანოზის თქმით, მას ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა, მომწამლავი ნივთიერება არ შეუძენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

2018 წლის 13 თებერვალს კი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

31 ოქტომბრის სხდომაზე წმიდა სინოდმა გადაწყვიტა, პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართოს. სინოდის სხდომის მდივნის, მეუფე დანიელის თქმით, მიზეზი დეკანოზის "ჯანმრთელობისა და ოჯახის რთული მდგომარეობაა". 

2 ნოემბერს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, სადაც ეწერა, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა. ამავე დღეს საპატრიარქოს იურისტმა თქვა, რომ სინოდის წევრებს პრეზიდენტისთვის ჯერ ოფიციალური შუამდგომლობით არ მიუმართავთ.

კომენტარები