სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ, პოლიციამ 6 პირი დააკავა.
ინფრომაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, 5 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც აქტივისტებმა გზის გადაკეტვა სცადეს, ხოლო 1 პირი პოლიციამ შედარებით ადრე დააკავა.
დაკავებულია შალვა ნათელაშვილის შვილი, ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ბექა ნათელაშვილი.
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების ადმინისტრაციული წესით არის დაკავებულები. ისინი, ცოტა ხნის წინ, სუს-ის შენობის პიკეტირებას ცდილობდნენ.
დაკავებულთა შორის არიან: 2 ახალგაზრდა "ლეიბორისტული პარტიიდან" - ბექა ნათელაშვილი, ოთარ ბექაური; 2 წევრი "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოდან" (ნინო ბურჯანაძის პარტია) - ბექა პეტრიაშვილი, ნიკა პეტრიაშვილი; 1 ახალგაზრდა "გამარჯვებული საქართველო"-დან (ირაკლი ოქრუაშვილის პარტია) - უტა კემულარია 1 აქტივისტი "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან" - თორნიკე ჯავახიშვილი.
დღეს, 22 ნოემბერს, "გაბედეს" აქტივისტებმა ქართული ოცნების დეპუტატს, მერაბ ქვარაიას, რომელმაც სრულად პროპორციულ რეჟიმზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
ასევე დღეს აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს "ოცნების" მაჟორიტარის, მიხეილ ყაველაშვილის ოფისს.
ბოქლომის დადება სცადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის სამაჟორიტარო ბიუროს ოფისის კარებზე, თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული მამუკა მდინარაძის ბიუროსთანაც, სადაც აქტივისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ბოქლომი დაადეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს.
გუშინ, 21 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომი კანცელარიის შენობასაც დაადეს.
18 ნოემბერს ოპოზიციის წევრებსა და აქციის მონაწილეებს პიკეტირებული ჰქონდათ პარლამენტის შენობაც და ამბობდნენ რომ დეპუტატებს არ მისცემდნენ შენობაში შესვლის საშუალებას და დისკომფორტს შეუქმნიდნენ, რის შემდეგაც სპეცდანიშნულების რაზმმა ისინი დაშალა.
რუსთაველზე ფართომასშტაბიანი აქცია 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, პროპორციული წესით.