ქალთა მიმართ ძალადობა

4 წელი მიესაჯა კაცს, ვინც ქალს პირადი კადრებით ემუქრებოდა და სექსუალურ კავშირს აიძულებდა

shutterstock.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პირს, რომელმაც ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა უკანონოდ მოიპოვა და გავრცელების მუქარით სქესობრივ კავშირს აიძულებდა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა", - ამბობენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს თბილისში დააკავეს და ბრალი სექსუალური ხასიათის იძულებისა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების მუხლებით წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები