აქციის დაშლა

კალაძე: სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის ბლოკირება აღკვეთა

instagram.com/kakhakaladze/

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის მერის კახა კალაძეს ბრიფინგი ჩატარდა, სადაც მან დღევანდელი აქციის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა და სამართალდამცველებს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

"საქართველოში დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს. ჩვენ, ორი დღის განმავლობაში ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტის პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა ნახეს რა რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის ორგანიზატორებმა სიტუაციის გამწვავება და პროცესის დესტრუქციულ უკანონო ქმედებებში გადაზრდა სცადეს. დღეს დილიდან ამ ადამიანებმა სახელმწიფო ინსტიტუტების უკანონო ბლოკირება განაგრძეს, შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტში შემსვლელ ადამიანებს და მიუხედავად მომიტინგეთა მცირე რაოდენობისა გადაკეტილი ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი, რითიც უხეშად არღვევდნენ კანონს. 

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა, ხელისუფლების თუ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა, ოპოზიციონერმა ლიდერებმა უარი თქვეს კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნებაზე, შესაბამისად სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა. პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად, აღადგინა წესრიგი და პროცესები კანონის ჩარჩოში დააბრუნა. ამისთვის, გვსურს მადლობა გადავუხადოთ თითოეულ სამართალდამცავს.

ამ დროისთვის პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და რუსთაველის გამზირზე მოძრაობა აღდგენილია. მომიტინგეები თავისუფლად განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში სახელმწიფო უზრუნველჰყოფს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე კონსტიტუციური და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას", - თქვა კახა კალაძემ.

დღეს, დაახლოებით 5 საათისთვის, სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტის ტერიტორიაზე აქციის დაშლა დაიწყეს. სამართალდამცველები პარლამენტის ოთხივე შესასვლელთან განლაგდნენ და აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ განახლდა, რაც რამდენიმე დღის წინ, ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. გუშინ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოახდინა და დღეს დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. 

კომენტარები